ჩრდილების თეატრი


ჩრდილების თეატრი ვიზუალური ხელოვნების უძველესი ფორმაა. ის თანამედროვე სახით 1500 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. თუმცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში, ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ადამიანები, კედლებზე საკუთარი სხეულით თუ სხვადასხვაგვარი ფიგურებით ჩრდილებს გამოსახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ადრეული ფორმა „წარმოდგენის”, რომელმაც ფესვები აზიაში, კერძოდ – ინდოეთსა და ჩინეთში გაიდგა. დღეს ამ ქვეყნებში სპექტაკლის სიუჟეტები, ძირითადად, ტრადიციულ კულტურასთანაა შერწყმული და ადგილობრივ ფოლკლორს, ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა. დროთა განმავლობაში თეატრის ეს სახეობა სხვადასხვა სახით თურქეთში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ბოლოს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. ძირითადად გავრცელებულია მარიონეტების ჩრდილების თეატრი, რომელშიც მუყაოსგან, ხისგან, პლასტმასისგან და ბუმბულისგან დამზადებული ბრტყელი ფიგურები გამოიყენება. სპექტაკლისთვის სულ სამი დეტალია საჭირო: თეთრი ეკრანი, ძლიერი განათება ჩრდილის მკვეთრად გამოსავლენად და ჯოხზე დამაგრებული ფიგურები, რომლებსაც მსახიობები მართავენ. ქართულ ჩრდილების თეატრშიც ტრადიციული ეკრანი და განათება გამოიყენება, მაგრამ ფიგურებს მსახიობები ანაცვლებენ – მთავარ როლში, არც მეტი, არც ნაკლები, მათი ხელებია. განათება ჩართულია. თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმანეთს 11 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ, ხელების მოძრაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან. ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა” – ქართული ხელის ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა ტაატითა და ჭრიალით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. 1982 წელს ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის გელა კანდელაკის მიერ შექმნილი თეატრის თავდაპირველი იდეა ხომ სწორედ ამ ტრანსპორტით საქართველოს ყველაზე ძნელად მისაღწევ სოფლებში მოგზაურობასა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაში მდგომარეობდა. მთავარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, საჭირო რეკვიზიტის შეძენა ვერ მოხერხდა და ამიტომაც ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო. ბევრი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობებმა ჩრდილებით ექსპერიმენტებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ჩრდილს არანაკლები გამომსახველობითი უნარი აქვს, ვიდრე თოჯინას ან მარიონეტს. „თეატრის მსახიობები თითქოს თავისუფალი არიან დრამატული თეატრის მსახიობის სხეულისგან, მატერიისგან. ისინი ხომ მხოლოდ ჩრდილების სახით ჩნდებიან მაყურებლის წინაშე. ამავე დროს, ტრადიციული ჩრდილების თეატრის გმირებისგან განსხვავებით, მათ სული აქვთ, რადგან ადამიანის ხელის ჩრდილები არიან და არა მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები. ჩვენს წარმოდგენებზე გაწეული შრომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლზე მუშაობისგან. ამავე დროს, ჩემი აზრით, ამ თეატრში მუშაობა უფრო რთულია, რადგან საკუთარი ემოციების გადმოსაცემად მინიმალური საშუალებები გაქვს. ვერ იყენებ ემოციის გამოხატვის მთავარ იარაღს – თვალებს, მიმიკას. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმ როლზე, რომელსაც ასრულებ. ეკრანი მცირე ზომისაა. თითოეული მილიმეტრი გათვლილია. თუ სპექტაკლზე სამსახიობო დასს ერთი წევრი მაინც აკლია, წარმოდგენა ვერ იმართება. ჩვენ არ გვყავს დუბლიორები. როდესაც მსახიობი დასს ტოვებს, ახალმოსულს „გასახსნელად” წელიწადიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც დიდი დრო სჭირდება. აქ რომ მოდიხარ, ხელში სხვა შეგრძნებები გიჩნდება”, – ჰყვება თეატრის მსახიობი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჭიტაძე.


 ტაბულა © 2012

No comments:

Post a Comment